უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხს შემდეგ კვირაში დაუბრუნდებიან. გადაწყვეტილებას უსამართლო დამოკიდებულებას უწოდებენ საქართველოში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისევ დაფიქსირდა უსამართლობა და ორმაგი სტანდარტები.
"უსამართლობის და ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, გამოვიდა ევროკომისიის წარმომადგენელი და თქვა, რომ მოლაპარაკებები უნდა გავუხსნათ უკრაინას და მოლდოვასო, რადგან რეფორმის ყველა პუნქტი შეასრულესო.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში, სამართლიან სასამართლოში, მედია თავისუფლების, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის ადამიანის უფლებებით 45-ე ადგილზეა მსოფლიოში. ამის შემდეგ ვინმეს ენა მოუტრიალდება და იტყვის, რომ საქართველო არ იმსახურებს და ეს ორი იმსახურებს მოლაპარაკების გახსნას.
ამას ექნება თავისი შეფასებებიც და შედეგებიც და მსოფლიო ახალ წესრიგში, დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა გაიმარჯვებს," - აცხადებს ზარქუა.