გადაწყვეტილება უსამართლო, მოტივაცია კი გაუგებარი - სახელისუფლებო გუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართული ოცნების" წევრებისთვის, დეპუტატებისთვის, სამართალდამცველებისა და კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, არგუმენტად კი წინა ხელისუფლების პერიოდში დემონსტრაციების დარბევის მეთოდები მოჰყავთ. რატომ არ ჰქონდა შტატებს რეაგირება 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე - ამ შეკითხვას "ქართული ოცნება" სვამს.
2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიების, ხელკეტების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დარბევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დაზარალდა ასეულობით ადამიანი. წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაარბიეს 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციაც რუსთაველის გამზირზე. იყო მსხვერპლიც.
სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და აშშ-ის რეაგირებაზე საუბარი არ სურთ თავად სააკაშვილის პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებისგან თვისობრივად განსხვავდება, პარალელების გავლება კი დაუშვებელია.
ვაშინგტონის რეაგირებაზე საუბარს თავს არიდებს ოპოზიციის ის ნაწილიც, ვინც წლების წინ რუსთაველის გამზირზე იდგა და დემონსტრაციების დაშლის შედეგად, თავადაც დაზარალდა. მათი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზეზი მხოლოდ საგარეო კურსს უკავშირდება
"ქართველი ხალხი უსამართლობას და ორმაგ სტანდარტს არ შეეგუება" - ასე პასუხობს სახელისუფლებო გუნდი ვაშინგტონის სანქციებს და სტრატეგიულ პარტნიორს იმ კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს რომელსაც, მათი თქმით, აშშ-ის რეაგირება არ მოჰყოლია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამერიკელ პარტნიორების მხრიდან არა შეზღუდვებს, არამედ მხარდაჭერას ელოდებიან.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები 30-მდე ადამიანს 6 ივნისს დაუწესა. ცნობილია, რომ შეზღუდვები "ქართული ოცნების" წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს ეხება, თუმცა, კონკრეტულ სახელსა და გვარებს სახელმწიფო დეპარტამენტი არ ასაჯაროებს.