16 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
საქართველოს მიღწევების მორგი აღიარება - ქვეყნის პროგრესი ამჯერად "ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებულმა თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსმა შეაფასა

თავისუფლებისა და კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს პროგრესი "ატლანტიკურმა საბჭომ" ახალ ინდექსში უკვე გაწერა. რეიტინგების მიხედვით, საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში აუცილებელი წინაპირობაა. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მონაცემებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა, წერს, რომ ამ ინდექსის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი უკვე გახსნილი უნდა ჰქონდეს.

მმართველობის მიხედვით, საქართველო თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაშია. "ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებული ინდექსით ირკვევა ისიც, რომ ევროკავშირის წევრ ხორვატიასთან ერთად, ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც 12 წელიწადში მმართველობის თავისუფლების კუთხით 23 საფეხურით დაწინაურდა. საქართველო რეიტინგში მსოფლიოს იმ საუკეთესო 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელთაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ინდექსის მინიჭების დროს, საბჭო სამართლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაჩვენებლებს ეყრდნობა.

რეიტინგების ცვალებადობაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე, სხვა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით სამართლიან გადაწყვეტილებებს იმსახურებს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის მიმართულებით, საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

"ატლანტიკური საბჭო" ახალ ინდექსში 164 ქვეყანას ოთხ კატეგორიად ყოფს - თავისუფალი, უმეტესწილად თავისუფალი, უმეტესწილად არათავისუფალი და არათავისუფალი. ახალი ინდექსების ოფიციალურ პრეზენტაციას საბჭო 25 ივნისს გამართავს.

დღის ამბები