26 ივნისი 2024,   14:54
ვრცლად
წიწამურთან მდებარე მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით GWP საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" წიწამურთან მდებარე მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა.

ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. “ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყრული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა.

“ჯივიპის“ თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, მიუხედავად ურთულესი და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.

დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია “ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დავიწყეთ გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები