“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, კამათის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩი“ დაესწრო. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის შეკითხვას, რომელსაც სხდომის წამყვანმა მიკროფონი გაუთიშა, რადგან მისი შეფასებით, კითხვა კანონპროექტს არ ეხებოდა. ოთხივე კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირა.
საკითხზე ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა, მაგალითად, როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი ისედაც გაწერილია კონსტიტუციაში:
“საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია თუ რას წარმოადგენს ერთობა/ოჯახი - ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ “ქართული ოცნების“ ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის რაღაც ხელოვნური კანონებია შემოსატანი,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები“ წევრი ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის წევრი, პარტიის “ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია სხდომას არ დაესწრო არის ის, რომ - “ეს თემა რაც წამოიწია უკავშირდება დასავლეთის მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივებას“.