16 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
სრული ურთიერთგაგება არსებობს, რათა კომპანიამ სწრაფად შეასრულოს სამუშაოები და მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მანდატი არ არის, “ჯივიპის“ მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

დავითაშვილის განმარტებით, კომპანიასთან აქვთ ურთიერთობა, რათა ადეკვატური იყოს მათი საინვესტიციო საქმიანობა და მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს.

“ეს არ არის ეკონომიკის სამინისტროს მანდატი. კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა, რათა ადეკვატური იყოს მათი საინვესტიციო საქმიანობა და მომავალში მსგავსი გამოწვევების წინაშე არ დადგეს მოსახლეობა, გვქონდეს ხარისხიანი წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ამ კუთხით სრული ურთიერთგაგება არსებობს, რათა კომპანიამ სწრაფად, ადეკვატურად შეასრულოს სამუშაოები და მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, წყლის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. აღდგენით სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

დღის ამბები