16 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი: 2012 წლის შემდგომ პერიოდში ძალიან დიდი რეფორმები დაიწყო სასამართლო სისტემაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დასრულდა. დღის მეორე ნახევარში კომიტეტზე უკვე კენჭისყრა გაიმართება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.

გოჩა ჯეირანაშვილმა, გიზო უბილავამ და ბადრი შონიამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია. მმართველი გუნდის კითხვები ეხებოდა მოსამართლეთა საქმიანობას, მთავარ გამოწვევებს და სისტემის გაძლიერების გზებს.

“2012 წლის შემდგომ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი რეფორმები დაიწყო სასამართლო სისტემაში. დასაშვები გახდა სასამართლო სხდომის ვიდეო-ფოტო-აუდიო ჩაწერა, პირდაპირი ტრანსლაცია სასამართლო სხდომების. ასევე, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ხუთ წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ერთს საქართველოს პრეზიდენტი.

მიღებული იქნა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება. სასამართლოში დაინერგა ელექტრონული საქმის განაწილების პრინციპი და ამას სასამართლოს თავმჯდომარეები უკვე აღარ ანაწილებენ, შემთხვევითი განაწილების პრინციპით ხდება საქმეთა განაწილება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არის ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის შემოღება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც წინასწარ მოკვლევას ახდენს მოსამართლის მიმართ,“ - აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი.

დღის ამბები