პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დოკუმენტი ოპოზიციის ერთობის შესახებ, რომელსაც ბრიუსელში ხელი მოეწერა, ერთიანი სიის მხარდაჭერას, კოალიციას და წინა საარჩევნოდ გაერთიანებას არ გულისხმობს.
მისი განმარტებით, დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, საარჩევნო ხმები ერთობლივად უნდა დაიცვან.
"დოკუმენტი, რომელსაც ბრიუსელში ხელი მოეწერა არ გულისხმობს ერთიანი სიის მხარდაჭერას, კოალიციას და გაერთიანებას წინა საარჩევნოდ. ეს დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაიცვან საარჩევნო ხმები ერთობლივად.
ძალადობის შემთხვევაში უნდა იყვნენ სოლიდარული და თავდაუსხმელობის შესახებ უსაგნო კრიტიკაზე უნდა ვთქვათ უარი. საარჩევნო ხმების დაცვასთან დაკავშირებით, რომელი პარტიაც გამოხატავს სურვილს, ეს არანაირ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ექვსი პარტია ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას ხელს აწერს - მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა, "გირჩი – მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო“, "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".
დოკუმენტი გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ და იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიზნებს.
კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს 26 ოქტომბრის კენჭისყრაში ექვსი პარტია მონაწილეობას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთიანობის კონფიგურაცია 8 ივლისამდე უნდა მოიძებნოს.
ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის მიზნები, რაც აერთიანებს პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს. ესენია - თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ ქარტიის პუნქტების შესასრულებლად კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა, ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც "ქართული ოცნება" იქნება.