"საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
"მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში, ხალხის ხელში არის არჩევანი", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე ალიანსი გადის, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში, მანდატების, დაახლოებით, მესამედს იღებს. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტია და მხოლოდ მესამეზე არიან ულტრამემარჯვენეები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.