16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: როდესაც "ფანკლინის კლუბის" ხელმძღვანელი ამბობს, ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, ეს ურყევი მტკიცებულებაა, რომ ორგანიზაცია გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა

კიდევ ერთი აღიარება, რომ "ფრანკლინის კლუბი" საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციასთან კოორდინაციით მოქმედებდა - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ფრანკლინის კლუბის" დამფუძნებლის განცხადებას, რომელიც ალექსანდრე ზიბზიბაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ ოპოზიციას, რაც შეეძლოთ მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი, ახლა კი უკვე მათი ჯერია.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, არჩევნებზე ერთად გავიდნენ, ცალ-ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც სამოქალაქო საზოგადოება იყო ჩართული.

მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ "ფრანკლინის კლუბი" ოპოზიციასთან ერთად ჩართული იყო აქციებისა და არეულობის სცენარში. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ფრანკლინის კლუბი" რომ ოპოზიციის საქმეს აკეთებს, ისეთი წამოცდენებით და აღიარებებით დასტურდება, როგორიც ამ შემთხვევაში ორგანიზაციის თანადამფუძნებლის განმარტებები იყო.

"ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე, რომ "ფრანკლინის კლუბი", სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებები, დატრენინგებული ადამიანები პირდაპირ ოპოზიციის და გარე დავალებებით [ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს] მოქმედებენ, ამას ძალიან ცუდი და აგრესიული რეაქციით ხვდებიან ხოლმე ჩვენი ოპონენტები, "ენჯეო" სექტორის რიგი წარმომადგენლები, განსაკუთრებით მდიდარი "ენჯეოების" წარმომადგენლები. მაგრამ ყველა ჯერზე ეს დასტურდება არა მხოლოდ ფაქტებით, რომელიც ჩვენს მხარეს არის ყოველთვის რატომღაც, არამედ თავიანთი წამოცდენებით და აღიარებით ხოლმე.

როდესაც "ფრანკლინის კლუბის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთ, ეს ფაქტებით დადასტურებაზე ზემოდან ურყევ, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის, რომ "ფრანკლინის კლუბი" საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის, ეს საბოლოოდ დადასტურდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის თქმით კი, "ფრანკლინის კლუბმა" სრულად გაამართლა ის ნეგატიური დანიშნულება, რომელიც მას თავიდანვე ჰქონდა.

"ფრანკლინის კლუბმა" მართლაც რომ თავისი გადმოსახედიდან სრულად გაამართლა ის ნეგატიური დანიშნულება, რომელიც მას აპრიორი, თავშივე ჰქონდა. ახლა მათ გზა გადაულოცეს ოპოზიციას. "ფრანკლინის კლუბის" ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მდგომარეობა არეულიყო, რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო, ოპოზიციას დახმარებოდნენ და ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რასაც ვამბობდით. "გამჭვირვალობის კანონი" მნიშვნელოვანია, "გამჭვირვალობის კანონის“ უშუალო ამოქმედებამდე ორგანიზაციები ნიღბებს თავისით იხსნიან", -  განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები