ესპანეთში დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მედიის გამჭვირვალობის საკითხს ეხება, საქართველოში შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, კანონი ევროპულად შერაცხოს, რაც არ გამოუვა.
"ქართული ოცნება", რომელმაც ყალბი გამჭვირვალობის მოტივით შემოიტანა კანონი, კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს რუსული კანონი. ევროკავშირმა და NATO-მ კარი დაუკეტა "ქართულ ოცნებას" ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე იმიტომ, რომ კანონი არის რუსული და ნებისმიერი ტყუილი მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ეს არის ევროპული კანონი, წარუმატებლობისთვისაა განწირული. ყველა კანონი, რომელიც არის ევროპაში, ემსახურება ეროვნულ უსაფრთხოებას, მტრული ქვეყნებისგან დაცვას, ხოლო "ქართული ოცნება", რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არის ევროპული კანონი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათთვის მტერი დასავლელთა და არა რუსეთი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, კანონის მიღებისას კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუ ამ კანონს იღებენ ესპანეთში, ის რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო კანონი, რომელიც საქართველოშია მიღებული, დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული, მისივე თქმით, სწორედ ამის გამო უწოდეს მას რუსული.
"ის, რომ ევროპაში ასეთი კანონი მიიღეს, ჩემთვის არასდროს იქნება არგუმენტი, რომ საქართველოშიც ასეთ კანონზე ვთქვა კარგია, ან მისაღებია. თუ სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ამას უნდა მიხედოს სპეცსამსახურებმა, არასწორ სიტყვას უნდა ვებრძოლოთ სწორი სიტყვით, ტყუილს უნდა ვებრძოლოთ სიმართლით და ა.შ. ეს მგონია სწორი. ძალიან მნიშვნელოვანი არის კონტექსტი, ნებისმიერი კანონის მიღებისას. თუ ესპანეთს იმ ცუდ კანონსაც იღებენ, სიტყვაზე, რუსეთის, ჩინეთის გავლენებისგან თავის დასაცავად, ჩვენთან ე.წ. აგენტების კანონი მიიღეს დასავლური და ევროპული გავლენებისგან თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ დაერქვა აქ კანონს რუსული და ევროპაში, შეიძლება, უბრალოდ სულელური ვუწოდოთ ამ კანონს და არა რუსული", - განაცხადა ჰერმან საბომ.