16 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა აღიარა ლეგიტიმაცია იმ სასამართლოსი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ჟესტით სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.

მისივე თქმით, სარჩელს, რომელიც გამჭვირვალობის წინააღმდეგაა მიმართული, ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება.

"მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია, იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. სამართლებრივად არასწორია, ამის მტკიცება, უბრალოდ, შეუძლებელია.

ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა - აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოსი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს.

გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი ვერც ვერანაირი თვალსაზრისით, ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება," - აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დღის ამბები