"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, "ლელოსა" და გახარიას გუნდს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნოდ დარჩენილია გახარია-"ლელოს" კომპონენტი და მათ დრო ჯერ კიდევ აქვთ.
გახარიას გუნდი ვაშაძეს საკუთარი პარტიის საქმიანობით დაკავებას ურჩევს, "ლელოში" კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კომუნიკაციის ფორმებზე არ ფიქრობენ.
შეფასებას აკეთებენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიები ბარიერს ვერ ლახავენ, სწორედ ამიტომ მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობა" მათ გაერთიანებისკენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს გამარჯვების შანსს ბევრად უფრო ზრდის.
"ვფიქრობთ, რომ მეტი კონსოლიდაცია და მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს გვაძლევს იმის, რომ "ქართული ოცნება", ძალა, რომელმაც ფაქტობრივად შეწყვიტა ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. დღეს, ევროინტეგრაციის პროცესი შეწყვეტილია მანამდე, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში იმყოფება. ამიტომ, ჩვენ გავერთიანდით. ყველას მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ. ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს ამ დაპირისპირებაში", - განაცხადა ვაშაძემ.