"საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვაშაძემ უნდა შეირგოს თავის ისტორიულ წიაღში დაბრუნება, რითაც რამდენიმე დამატებითი ადგილი გაინაღდა პარლამენტში.
მისი განმარტებით, თუ მას რამის უნარი აქვს საკუთარ პარტიას და ელექტორატს უნდა მოახმაროს და სხვებისთვის მოწოდებების გაკეთებას შეეშვას.
"ვაშაძემ შეირგოს თავის ისტორიულ წიაღში დაბრუნება, რითაც რამდენიმე დამატებითი ადგილი გაინაღდა პარლამენტში და თავი დაანებოს სხვებისთვის მოწოდებების გაკეთებას. არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ რამის შესაძლებლობა ან უნარი აქვთ, თავის პარტიას და თავის ელექტორალურ ამოცანებს მოახმარონ. ჩვენ, ჩვენს საქმეს როგორღაც მივხედავთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
"ლელოს" წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათ აქვთ მკაფიო ხაზი, რომლის მიხედვითაც აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას და ერთიანდებიან საერთო პლატფორმაზე იმ პარტიებთან, რომლებთანაც მეტი შინაარსობრივი საერთო წერტილები აქვთ და არ გააჩნიათ შეკითხვები წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
"კომუნიკაციის ფორმებზე არ ვდარდობთ და არ ვფიქრობთ. გახარიას გუნდს ვუსურვებთ წარმატებას და იმედი გვაქვს, რომ ისინი გადალახავენ ბარიერს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცენტრის თუ პოლიტიკური პარტიის არსებობა პარლამენტში, რომელსაც შეუძლია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებაში შეიტანოს წვლილი. კარგია, რომ 4 კითხვიდან 1 შეკითხვას მაინც თამამად უპასუხეს. ეს არის ის, რომ ისინი არ აპირებენ შეუკრან უმრავლესობა და კოალიცია "ქართულ ოცნებას". დაიწყო გიორგი გახარიამ პასუხების გაცემა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხაზი, რომლის მიხედვითაც ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, ვერთიანდებით საერთო პლატფორმაზე იმ პარტიებთან, რომლებთანაც მეტი შინაარსობრივი საერთო წერტილები გაგვაჩნია და არ გაგვაჩნია შეკითხვები წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.