16 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
"მივესალმებოდი, ეს მხარდაჭერა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციისთვის" - ბექა ლილუაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეხვედრაზე

რატომ მოხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რატომ განიხილებოდა წინასაარჩევნო თემატიკა - ამ თემასთან დაკავშირებით, თავად შეხვედრის მონაწილეებს ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ შეფასებები არაერთგვაროვანია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ არ არის პრობლემა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება, დონორების მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, გარკვეულწილად ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.

"კარგი იქნებოდა მათ ეზრუნათ გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის მიზნობრიობაზე. სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის შეზღუდვა არის რუსული სტილის ავტოკრატიული რეჟიმებისთვის მახასიათებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ თავისუფალი სიტყვა, შევინარჩუნოთ კრიტიკული მედია, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ამისთვის შევცვალოთ ხელისუფლება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდის წევრებს, პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ოპოზიციად შესაძლოა აღქმული ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან მათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები აქვთ, შესაბამისად, მსგავსი სახის შეხვედრები გასაკვირი არ არის.

"მე მივესალმებოდი, რომ ეს მხარდაჭერა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. "ქართულ ოცნებასაც" შეეძლოს ამ მხარდაჭერის მიღება და სხვასაც. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობა ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მოძრაობის სახით. მე აღარ ვფიქრობ, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები, ეს არის პოლიტიკური მოძრაობის ქმედებები, ამიტომ აბსოლუტურად მისაღებია," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს მართავს, რომელშიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. იმერეთისა და სამეგრელოს შემდეგ, შეხვედრა აჭარაში ჩატარდა, რომელშიც "ლელოს" წევრი გიორგი უშიკიშვილი, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მონაწილეობდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი საუბრობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, "გამჭვირვალობის კანონზე," ქვეყნის ევროპულ მომავალსა და არჩევნების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები