16 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 000 დოლარის გადახდის ვალდებულება - რატი ბრეგაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დავის წაგებაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დავის წაგების საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

რატი ბრეგაძის განცხადებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსურციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.

არბიტრაჟმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა. მინისტრის თქმით, არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა თავად ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.   

"არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად, საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა და პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება.

მამუკა ხაზარაძე ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25 % ანუ მეოთხედი და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი.

რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას. ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა გსურს, სრულიად უსამართლოდ საკუთარ სახელმწიფოს მოსთხოვო მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.

წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე, ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას, ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ, დიდ გამარჯვებას." - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები