"მამუკა ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას და ფაქტობრივად, სახელმწიფოს დააკარგვინა ოთხი წელი ანაკლიის პორტის გარეშე, ეს არის რეალობა", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მამუკა ხაზარაძეს თუ პრეტენზია აქვს ვინმესთან პორტის არ ან ვერაშენებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს.
"ბატონმა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, აქ სახელმწიფოს როლი საერთოდ არ არის და ამის შესახებ არბიტრაჟმა მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოს მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად მათთვის პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია. პირიქით, მრავალჯერ იქნა გადავადებული მათთვის ვალდებულებების შესრულება და ამის მიუხედავადაც ვერ მოახერხეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
როგორც ბრძანეთ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. ვეთანხმები. სამართალი მათთვის ზოგადად სამწუხარო მოვლენაა. მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ მრავალ საერთაშორისო დავაში სიმართლე არის ქართული სახელმწიფოს მხარეს. მაშინ, როდესაც საქმე ეხება მასშტაბურ საქმეებს, სადაც გარკვეული მხარეები ცდილობენ, საქართველოს ინტერესები დაჩაგრონ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს მოარგონ გადაწყვეტილებები.
ისიც უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას და ფაქტობრივად, სახელმწიფოს დააკარგვინა ოთხი წელი ანაკლიის პორტის გარეშე. ეს არის რეალობა. ეს ადამიანი დავობდა, რომ თითქოს დაჩაგრეს და იბრძოდა სამართლიანობისთვის. ამიტომ გადაიდო ამ პორტის მშენებლობა. რამდენჯერმე, ვიდრე დავას დაიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობდა თავისი ვალდებულებების შესრულებაში, თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან პორტის არ ან ვერ აშენებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.