16 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, სად იყო სიმართლე და ვნახეთ ყველამ ეს სიმართლე, ახლა მოუწევს ბოდიშის მოხდაც - ბექა ლილუაშვილი მამუკა ხაზარაძის შესახებ

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარიას და მათი გუნდის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის თემას პოლიტიკურად იყენებდა, ახლა კი ბოდიშის მოხდა მოუწევს. 

"ძალიან მკაფიოდ გახდა გუშინ ნათელი, რომ ხაზარაძემ ეს დავა ანაკლიასთან მიმართებით წააგო. მესმის, რომ მისთვის რთულია ამის აღიარება, მაგრამ მოუწევს ამის აღიარება. 4 წლის მანძილზე, ჩვენი გუნდის ლიდერის, გიორგი გახარიას და ჩვენს წინააღმდეგ ამ საკითხს პოლიტიკურად იყენებდა და ათასი შეურაცხყოფა მოგვითმენია. პასუხი არ გაგვიცია, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, სად იყო სიმართლე და ვნახეთ ყველამ ეს სიმართლე. ახლა მოუწევს ბოდიშის მოხდაც," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართ ნდობა მაღალია. 

"სამწუხაროდ, სასამართლომ პოლიტიკურ კონტექსტზე არ იმსჯელა, რომელიც იყო მთავარი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების მიზეზი. ქართული სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სასამართლო. რაც შეეხება საერთაშორისო საარბიტრაჟოს, მის მიმართ ნდობა მაღალია ცალსახად," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, დავა მამუკა ხაზარაძის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა. არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსურციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. 

დღის ამბები