ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულად გამოაცალა საფუძველი "ლელოს" და ხაზარაძე-ჯაფარიძის მიზნებს, რომელთა მთავარი მესიჯიც სწორედ ანაკლიის პორტზე გადიოდა და რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს პროექტი ხელისუფლებამ ჩაშალა.
"ხანდაზმული თაღლითების იარლიყი აქვთ, ეს დამტკიცებულია, ახლა უკვე საერთაშორისო არენაზეც განმტკიცდა ეს იარლიყი. ხაზარაძე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, ასე ერქვა იმ პროცესს, მილიარდ-ნახევარ დოლარს სთხოვდა ქვეყანასა და ბიუჯეტს.
აბანკროტებდა ქვეყანას, მით უმეტეს 2020-ში, ეს მეოთხედი იყო ჩვენი ბიუჯეტის, GDP-ის მთელი 9%, ამაზე მიდიოდა ეს ადამიანი და ახლა წააგო. ახლა ამბობს, რომ მილიარდ-ნახევარს მე სახლში [არ წავიღებდიო], ვისაც გჯერათ ხაზარაძის, რომ მოიგებდა მილიარდ-ნახევარს და მერე სახლში არ წაიღებდა - გაგატარებთ, მიბრძანდით,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.
მათივე თქმით, ყოფილ ბანკირებს, რომლებმაც ქვეყანას მილიარდობით შემოსავალი და სამუშაო ადგილები დააკარგვინეს, მოუწევთ კომპენსაციის გადახდა ქართველი ხალხისთვის.
"პოლიტიკურ კონტექსტზე თუ არის ლაპარაკი, არაერთი საქმე იყო, რომელიც წააგეს სტრასბურგში და ახლა - საერთაშორისო სასამართლოში. არცერთი საკითხი არ დატოვეს ისე, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ დაედოთ, იგივე "რუსთავი 2-ის" საქმე, სააკაშვილის საქმე გავიხსენოთ და ბევრი სხვა, სადაც ყოველთვის წააგეს, რადგან ამ საქმეებს პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.