"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, სხვადასხვა ქვეყანაში პრესის თავისუფლების მდგომარეობას, პოლიტიკური, ეკონომიკური, კანონმდებლობის, სოციალური და უსაფრთხოების ინდიკატორებით აფასებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მედია-ლანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავე დროს, პოლიტიკურად ძალიან პოლარიზებული. "რეგიონული და სათემო რადიოსადგურები დაფინანსების პრობლემებს ებრძვიან. ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა იკლებს, ხოლო ონლაინ საინფორმაციო გამოცემების მატულობს," - ნათქვამია ტექსტში.
რეიტინგს აფასებს მმართველი გუნდი.
"საქართველოში ყველა მედიასაშუალება მუშაობს თავისუფლად. მათი რეგისტრაცია არის რამდენიმე დღის საკითხი და ყველას, ვისაც არ ეზარება შეუძლია ხელისუფლების ლანძღვა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა. არავითარი პრობლემა არ ექმნებათ. რა კრიტერიუმით ფასდება, რომ საქართველო 103-ე ადგილზეა, მე ვერ ვხვდები," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.