პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი, არასამთავრობოების ნაწილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან და არ დაემორჩილებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნებს. ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და პირიქით, ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ და თუ დარეგისტრირდებიან, პროგრამებს შეუჩერებენ.
"გამჭვირვალობას როცა სთხოვენ სახელმწიფოს, შეგახსენებთ, OGP-ის მიხედვით, საქართველო ნომერი პირველია ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ამ კრიტერიუმებს სახელმწიფოს ვინც უმოწმებს, ის ხალხი გამოდის, აპროტესტებს და ამბობს, რომ ჩვენი გამჭვირვალობა არ შეიძლება, გამჭვირვალეები ჩვენ არ უნდა ვიყოთო. დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და პირიქით, ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ და თუ დარეგისტრირდებიან, პროგრამებს შეუჩერებენ. თუ მაინც და მაინც სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, შეთავაზება აქვთ, რომ საზღვარგარეთ წაიყვანენ, იქ დაარეგისტრირებენ როგორც უცხო ძალას და ისე შემოუშვებენ. ეს არის პრე-რევოლუციური სცენარის დადგმა," - აცხადებს ბექა დავითულიანი.