ჩვენ გვახსოვს შოვის მძიმე დღეები, ამ ადგილზე დაგეგმილია მემორიალის და ეკლესიის აგება, რაც ამ გარემოს დამატებით სულიერებას შესძენს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა, სადაც 2023 წელს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მისი თქმით, ყველას ახსოვს ტრაგედიის დროს გაერთიანებული საქართველო, როდესაც ყველა გულშემატკივრობდა პროცესს.
"ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. დღეს, აქ, ჭირისუფლებთან ერთად, გლოლის მოსახლეობასთან, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა. როგორც იცით, დაგეგმილია ამ ადგილზე მემორიალის აგება, ასევე ეკლესიის აგება, რომ მათი სულის მოსახსენიებელი ადგილი იყოს და ამავე დროს, ადგილი, რაც შესძენს ამ გარემოს დამატებით სულიერებას.
ჩვენ გვახსოვს ის მძიმე დღეები, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი მაშველების მუხლჩაუხრელი მუშაობა, როგორც იცით, 33 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, ამას გარდა, ერთი პოლიციელი, მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი თემურ ხარჩილავა გარდაიცვალნენ მაშინ, იმ პროცესში, როდესაც ძებნის ღონისძიებები მიდიოდა.
გვახსოვს, მაშინ გაერთიანებული საქართველო, ყველა როგორ ვგულშემატკივრობდით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მაშველს მადლობა გადავუხადო, რომელიც მაშინ, მთელი აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, ორ თვეზე მეტი აქ, დაუღალავად შრომობდნენ, რომ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თავის ოჯახის წევრებს ეძებდნენ, ყველანაირი ნუგეში შეენარჩუნებინათ და შესძლებოდათ, მათი შვილების, ოჯახის წევრების ნეშტი ჰქონოდათ, რომ დაეკრძალათ და დაეტირებინათ შესაბამისი ქრისტიანული წესით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.