”დემოკრატიის ფესტივალის” ერთ-ერთი ატრიბუტი, მიხეილ სააკაშვილის ბანერი იყო - სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. ღონისძიებას სააკაშვილის პარტიის გარდა, არაერთი ოპოზიციური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ისინი თელავში დანიის მთავრობის დაფინანსებულმა პროექტმა შეკრიბა.
ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ღონისძიება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხარდამჭერ აგიტაციას არ ეწევა, თუმცა იმავდროულად აცხადებენ, რომ ფესტივალი პარტიებს შესაძლებლობას აძლევს, საზოგადოებამდე საარჩევნო გზავნილები უკეთ მიიტანონ. ამბობენ, რომ დონორის, დანიის ინსტიტუტის ინტერესი საქართველოში მხოლოდ დემოკრატიის ხელშეწყობაა.
მმართველი პარტიის შეფასებით, ”დემოკრატიის ფესტივალი” კარგად შენიღბული საარჩევნო კამპანიაა, რომელიც პარტიებს მესამე სექტორის გავლით უცხოური დაფინანსებით უზრუნველყოფს. "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი არგუმენტია ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტულ პარტიებთან კავშირი.
"ლელოსაც" და "ნაციონალური მოძრაობასაც" მიაჩნია, რომ უცხოური დაფინანსებით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ ფესტივალი პარტიების საარჩევნო პროგრამების წარდგენას არ ითვალისწინებდა, მეორე მხრივ კი აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე ისინი ამომრჩეველს სწორედ საარჩევნო გეგმებს გააცნობდნენ.
სახელისუფლებო გუნდი კი თვლის, რომ მსგავსი აქტივობები არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებს, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრობლემა უცხოური დაფინანსება და საარჩევნო პროცესებში ჩარევაა. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ დონორების თანხები, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ კამპანიას ხმარდება, საარჩევნო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
დემოკრატიის პირველი ფესტივალი წალენჯიხაში გაიმართა. ”დანიის პარტიების და ინსტიტუტის” მხარდაჭერით, შეხვედრები დაგეგმილია ქუთაისსა და ბათუმშიც.