ემიგრანტების ჩართულობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - მოძრაობა "ევროპული პარადიგმა" საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება უბანი გახსნას, თუ ტერიტორიაზე 50 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და აღრიცხულია საკონსულოში.
"ემიგრაციაში, ამ პერიოდის მთავარი პრობლემა არის საარჩევნო უბნების გახსნა. ხელისუფლება საარჩევნო უბნებს არ ხსნის იმის გამო, რადგან იციან, რომ წააგებენ. ჩვენ მათ ვეუბნებით -თუ არ გახსნიან საარჩევნო უბნებს, არღვევენ კანონს. ისინი ვალდებულება არიან შექმნან უბანი, თუ იქ არის 50 ემიგრანტი დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე", - განაცხადა მოძრაობა "ევროპული პარადიგამას" წევრმა მანანა ჯებაშვილმა.
თემაზე, საპასუხო კომენტარი სახელისუფლებო პარტიაში გაკეთდა. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ხმის მიცემის უფლება ყველა ემიგრანტს გარანტირებული აქვს.
"ყველა ემიგრანტისთვის ამის უფლება გარანტირებულია. ელემენტარულად, ყველა ემიგრანტმა კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს კანონით აქვს განსაზღვრული ამ უფლების რეალიზაცია როგორ უნდა მოხდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ რაღაც თავისი "ბუტკა" გახსნას და ხმები თვითონ დაითვალოს, ეს ასე არ ხდება. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს სურს, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ეს მკაფიოდ არის გაწერილი კანონით და ყველამ გამოიყენოს თავის სამოქალაქო უფლება," - განაცხადა ქადაგიშვილმა.