16 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ვერავინ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია" - ირაკლი ქადაგიშვილი ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ–ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეწყვეტილი 95 მილიონი ლარის მიზნობრიობა გაურკვეველია, რადგან ეს თანხა ბიუჯეტში არ არის ასახული.

ამასთან, ქადაგიშვილის განცხადებითვე, ყველაფერი ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია.

"ეს ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არსად იძებნება. არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია და სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება. ყველაფერი ფინანსდება საქართველოა ბიუჯეტიდან, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია. ლუგარის ლაბორატორიაში თუ რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია. ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, არ ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ნარატივს რატომ მისდევს კვალდაკვალ.

ინტერესი იმისა, რომ საქართველო იქნეს გარკვეულწილად მეორე ფრონტის ქარცეცხლში ჩათრეული, როგორც ჩანს, კვლავ ძალიან მაღალია. ასეთი ზეწოლა საქართველოზე გამიზნულია ერთი მარტივი მიზნისათვის, რომ რამენაირად ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, შანტაჟი, რათა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობას" რამენაირად რაღაც პროცენტი მიაღებინონ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 95 მილიონი დოლარის დახმარების ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს მთავრობას შეუჩერა.

დღის ამბები