დანიის საელჩო არ გამოხმაურებია კითხვებს რეგიონებში მის მიერ დაფინანსებულ შეხვედრებთან დაკავშირებით, საუბარია შეხვედრებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასა.
ღონისძიებაზე სახელწოდებით "დემოკრატიის ფესტივალი", რომელიც თელავში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის ბანერებიც გამოფინეს და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსგავსი ფაქტები აჩვენებს, რაში იხარჯება უცხოური დონორების ფინანსები.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, როდესაც წინასაარჩევნოდ უცხოური ორგანიზაცია ოპოზიციურ პარტიებს ეხმარება, ეს დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.
"წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და როდესაც უცხოური ორგანიზაცია და უცხო დაფინანსება მონაწილეობს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში, ამ შემთხვევაში როდესაც უცხოური დაფინანსება აკომპლექტებს ოპოზიციურ პარტიებს, ან ეხმარება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვდივართ დემოკრატიასთან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უცხოური ფონდებიდან მსგავსი ღონისძების დაფინანსება, წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევას გულისხმობს.
"ღიმილის მომგვრელია ვისაუბროთ რაიმე სახის დემოკრატიაზე, მით უმეტეს, "დემოკრატიულ ფესტივალებზე", როდესაც იქ ავტორიტარი, ტირანი დამნაშავე მმართველის, ყოფილი პრეზიდენტების ფოტოები გამოეფინება და ცდილობენ ეს დემოკრატიად გაასაღონ. აქ ჩანს, რომ ეს, რეალურად, არა პოლიტიკური პერფორმანსების დაფინანსება, არამედ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას გულისხმობს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.