16 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ჩვენ სტენდთან რას განვათავსებთ ჩვენი საქმეა - პეტრე ცისკარიშვილი დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე

დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტენდი დადგეს, პოლიტიკური განხილვის თემა გახდა.

აღნიშნული ღონისძიება "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასა, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსგავსი ფაქტები აჩვენებს, რაში იხარჯება უცხოური დონორების ფინანსები. პასუხად, ოპოზიცია გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები იმ რეფორმების გატარებაში ეხმარებიან, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია, ხოლო პარტია საკუთარ სტენდთან რა პლაკატს გამოფენს ეს თავად "ნაციონალური მოძრაობის" საქმეა.

"ქართულ ოცნებას" რომ ესმოდეს სამოქალაქო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ასეთ "ბრალდებებს" არც წამოაყენებდა. რომელი პარტია რა გზავნილს გაუშვებს ჩვენი გადასაწყვეტია. ჩვენ სტენდთან რას განვათავსებთ ჩვენი საქმეა. მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში, რომელიც იზოლირებულია. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გვეხმარებიან იმ რეფორმების გატარებაში, დემოკრატიული ფუნქციების მედეგობის გაზრდაში, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში შესასვლელად", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილი.

პარტია "ახლის" პოლიტსაბჭოს წევრის, ვანო წერეთლის განცხადებით, ღონისძიება წარიმართა იმისთვის, რომ ყველა პარტიას საკუთარ მესიჯი გაეჟღერებინა.

"ეს იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ყველა პარტიას გაეხმოვანებინა ის მესიჯი, რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა ეს ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ფოტო. ეს იყო გათვლილი იმისთვის, რომ ყველას წინასაარჩევნოდ საკუთარი ძირითადი მესიები გაეცნო ხალხისთვის", - განაცხადა ვანო წერეთელმა.

დღის ამბები