ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ბელარუსში, შიდა რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შემაკავებელი ზომები კიდევ 28 პირის წინააღმდეგ დაწესდეს.
საბჭოს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორები და ბევრი მოსამართლე, "რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოსაზრებას გამოხატავდნენ".
სასანქციო სიაში მყოფი პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრების გამოყოფა. სანქციები ასევე ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის უფლებას უზღუდავს. ამჟამად, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები, მთლიანობაში, 261 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.