"ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ, ომში დაღუპული გმირების, დღეს, 7 აგვისტოს პატივის მიგებას, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში ომის თარიღის შეგნებულ შეცვლასა და ისტორიის გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ.
საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გაურბიან.
"სააკაშვილის შესაბამისი აქტით არის დადგენილი, რომ 8 აგვისტოს არის დაწყებული სამხედრო ოპერაციები. ამიტომ, ის, რომ მათ არ სურთ მათ ოჯახის წევრებს თვალებში ჩახედონ, რომლებიც სამწუხაროდ ომში გმირულად დაეცნენ, ეს მიანიშნებს, რომ ისინი გაურბიან საზოგადოებას. გარდა ამისა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სტილია, ყველაფერს, რასაც იღებს დღევანდელი საზოგადოება და ხელისუფლება, შეეწინააღმდეგონ. ეს ერთი მხრივ, "კარგია", იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება ხედავს, მათივე ნარატივს, რომ ბრძანებულებით 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს, ახლა შეცვალეს და 7-ში გადიან ძმათა სასაფლაოზე. ჩემი აზრით, ისინი გაურბიან საზოგადოებას,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აცხადებდა. იხსენებენ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც, რომელსაც ხელს "ნაციონალური მოძრაობა" აწერს და რომელიც ამბობს, რომ 7 აგვისტოს რეგიონში რუსი სამხედრო შენაერთები არ იყვნენ. თუმცა, ამავდროულად, სააკაშვილის ბრძანებულებაში ოკუპანტების შემოჭრის თარიღად 8 აგვისტოა მითითებული.