16 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან, აგვისტოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების - ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასარიდებლად.
"იცით, რომ ამ ომმა საშინელი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განათავსა სამხედრო ბაზები, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად მოღალატეობრივად წინა ხელისუფლებამ ჩააბარა კოდორის ხეობა, უბრძოლველად და ომის შედეგად, რაც მთავარია, დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე - სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა ჰქონდა, რომ ომი თავიდან აცილებულიყო. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.