აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენას ხელისუფლება გამოძიების შედეგად აპირებს, რომლის აუცილებლობასაც პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღიარებითი ჩვენებებიც ამყარებს. მათ შორის, 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო ესკალაცია სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შედეგად გადაიზარდა. იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ხელისუფლება ამ საკითხის სამართლებრივი შეფასებისგან აქამდე ერთადერთი მიზეზით იკავებდა თავს - არ დაზიანებულიყო საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესები.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღარ ყოფილან. ისინი დღეს ახალციხეში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ომის გამოძიების საკითხზე დასმულ კითხვებს თავი აარიდეს. არ უპასუხეს არც იმას, თუ რატომ დაიწყეს წლების შემდეგ ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა 7 აგვისტოს, მაშინ, როდესაც თავად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებაში წერია, რომ რუსი სამხედროები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. სააკაშვილის გუნდის წევრები სხვადასხვა არგუმენტებს იშველიებენ, თუმცა ისევ არაფერს ამბობენ, თუ რატომ დაუჭირეს მხარი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციას.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ყოფილი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომელიც აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგაც უპასუხოდ რჩება და ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. თუმცა რუსეთი რომ ოკუპანტია და საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, ეს სადავო არავისთვის არ არის.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების წინაპირობებთან არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.
მმართველი გუნდის შეფასებით, ომთან მიმართებაში "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სააკაშვილის ქმედებები და მისი პარტიის განცხადებები ხელისუფლებას სწორედ ომში ჩართვისკენ უბიძგებდა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის გასაკვირი არაა, თუ რატომ ვერ აიცილა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ თავიდან 2008 წლის სამხედრო ესკალაცია.
აგვისტოს ომის გამოძიებას "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებს.