სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, სენატორი და კონგრესმენი მკაფიო მესიჯებს აჟღერებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ქართველი ხალხისადმი.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორპარტიული დელეგაცია ძალიან მკაფიო მესიჯებს აჟღერებს, როგორც ხელისუფლებისადმი, რომ არ შეიძლება საქართველოს ინტერესებისადმი სვლა, არ შეიძლება ანტიდასავლური ქმედებების განხორციელება, ასევე, ქართველი ხალხისადმი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრას ესწრებოდა, ამერიკის ელჩიც. საქართველოს მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წევრები კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.