03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
აქცია დევნილთა სამინისტროსთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თბილისში, ტაშკენტის ქუჩა N7-ში მცხოვრები დევნილები შენობიდან მათ გამოსახლებას აპროტესტებენ. ისინი აღნიშნული ფართების მათ საკუთრებაში გადაცემას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ადგილზე ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

აღნიშნულ მისამართზე ამჟამად 35 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ კი მათ მიუვიდათ უწყება იმის თაობაზე, რომ ისინი შენობაში უკანონოდ იყვნენ შეჭრილები და შესაბამისად, შენობა უნდა დაეცალათ, ხოლო ფართების გადაცემა დევნილებისთვის რიგითობის პრინციპით მოხდებოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ შენობაში მცხოვრებთა შორის 41 მცირეწლოვანი ბავშვი და რამდენიმე ორსულია. პრობლემების მოგვარების ნაცვლად კი ხელისუფლება მათ საცხოვრებელი ფართების გარეშე ტოვებს.

დევნილთა პროტესტის მიუხედავად, სამინისტრო გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. მინისტრის მოადგილის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, სამინისტროს აქვს გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც უკანონოდ მცხოვრები დევნილების საკითხი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ ნამდვილად ვერ შევცვლით გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივადაც  გვავალდებულებს, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები იმ კრიტერიუმების დაცვით, რაც არის გაწერილი ჩვენს რეგულაციებში და მინისტრის სამოქმედო ბრძანებაში. გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიდგომა არის ერთადერთი და სწორი - ჩვენ ვსწავლობთ მათ მოთხოვნებს, მათ საჭიროებებს და დევნილებს ქუჩაში არ ვყრით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

დღის ამბები