16 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ეს ყველაფერი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში - ლევან ცუცქირიძე "დემოკრატიის ფესტივალზე"

დანიური ფონდის მიერ დაფინანსებული, რიგით მესამე ღონისძიება, უკვე ორი დღეა, განხილვის თემაა. ოპოზიციის მონაწილეობით შეკრება სახელწოდებით "დემოკრატიის ფესტივალი" ამჯერად ქუთაისში გაიმართა.

დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ და ორგანიზებულ კამპანიაში მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია, რომლის სტენდებს შორისაც ჯერ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პლაკატი გაშალა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ კი, მათსავე სტენდებთან, ახალი ბანერი გაჩნდა - სახელწოდებით "ხელისუფლების ძალაუფლების გადაცემა".

კოალიცია "ძლიერი საქართველოს წევრის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი. შესაბამისად, მათაც შეეძლოთ, მისულიყვნენ ადგილზე და ბიძინა ივანიშვილის პლაკატი გამოეფინათ, მათ ამას არავინ დაუშლიდა.

"ეს ყველაფერი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მმართველი გუნდი ძალიან ბედნიერი იყო წინა წლებში, 2011, 12,13, 14,15,16, 17 და ა.შ. - წლებში, როდესაც მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობდა, ამიტომ ახლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მმართველი გუნდი ასევე იყო მიწვეული აღნიშნულ ფესტივალზე. მათ თავისუფლად შეეძლოთ, მისულიყვნენ იქ და ბიძინა ივანიშვილის პლაკატი გამოეფინათ. მათ ამას არავინ დაუშლიდა", - განაცხადა ცუცქირიძემ

დღის ამბები