16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ტერნერთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები მრავალჯერ ირჩევენ კორუმპირებულ ადამიანს - გია ჯაფარიძე

მმართველი გუნდის განცხადებით, კონგრესმენს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, სერიოზული რეპუტაციული პრობლემები აქვს. საუბარია, კონგრესმენ მაიკ ტერნერზე, რომელიც საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ქართულ ოცნებას" არ ეთანხმება ოპოზიცია. პოლიტიკური პლატფორმის ”ერთიანობა” ერთ-ერთი ლიდერის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ტრენერი რომ კორუმპირებული იყოს, ამერიკელი ხალხი მას წარმომადგენლად რამდენჯერმე არ აირჩევდა.

"ტერნერთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია. ტერნერი იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე. ეს კაცი არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი ვეტერანი. მრავალჯერ არის არჩეული თავის შტატში, როგორც კონკრეტული ოლქის წარმომადგენელი. როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები მრავალჯერ ირჩევენ კორუმპირებულ ადამიანს?!" - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით კი, თუ კონკრეტული პირის მიმართ არსებობს კითხვები, პასუხს გამოძიება გასცემს, მანამდე კი კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

"კონკრეტული სენატორის მიმართ არსებობს თუ არა კორუფციული კითხვები, მე ვეყრდნობი იმას, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება და ამ გამოძიებას ჰქონდა თუ არა შედგები. ვერ გავაკეთებ შეფასებას იმიტომ, რომ იქ არის რაღაც ეჭვზე საუბარი. ეს ეჭვი არ დადასტურებულა. თუ იქნება დადასტურება, შესაბამის შეფასებას მოგცემთ," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები