მმართველი გუნდის განცხადებით, კონგრესმენს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, რეპუტაციული პრობლემები აქვს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაიკლ ტერნერი საძიებო სისტემაშიც კი კორუმპირებულ პირად არის მოხსენიებული.
"ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენს მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა "დავგუგლე" და ამოვარდა ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი.
ფაქტია, "გუგლშიც" მოიძებნება ეს ადამიანი, როგორც კორუმპირებული კონგრესმენი - სამწუხაროა. ისიც სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ჩამოდიან და ძალიან კრიტიკულად აფასებენ "ქართულ ოცნებას" მაშინ, როდესაც ისინი სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დიდი დემოკრატიული მიღწევები არ აქვს, რეგიონში დემოკრატიის ოაზისად იხსენებენ ხოლმე, საქართველოს პირიქით.
ამას თავის კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართული საზოგადოება ამ მიზეზებში, რამდენიმე თვე, თუ წელია, კარგად გაერკვა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.