"რეალურად, ეს არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, პირდაპირ უცხოეთიდან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანია ფინანსდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „დემოკრატიის ფესტივალს“, რომელიც საქართველოში ოპოზიციური პარტიების და მოძრაობების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მონაწილეობით გაიმართა.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხელისუფლების მიერ მიღებული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მათ შორის, ამგვარი ფაქტების პრევენციას ისახავს მიზნად.
„ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს დღეს „დემოკრატიის ფესტივალით“ იფუთება, რეალურად კი პირდაპირი ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში. პირდაპირ უცხოეთიდან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანია ფინანსდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, წარმოუდგენელია. როგორც წარმოგიდგენიათ, თქვათ, იტალიაში არჩევნები იმართებოდეს და უცხო ქვეყნიდან ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ხომ წარმოუდგენელია? შესაბამისად, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება და გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, კანონი, რომელიც მივიღეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ზუსტად არის დამზღვევი, რომ ასეთი კონკრეტული ფაქტების წინაშე არ აღმოჩნდეს არც ხელისუფლება და არც საელჩო, რომ არ მოუწიოს თავის მართლება. ხომ გახსოვთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს აფინანსებდნენ, რა გვითხრეს? რომ ეს დაფინანსება გამოყოფილი იყო მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგისთვისო, რეალურად კი იქ საუბრები მიდიოდა რევოლუციურ სცენარზე, აკერმანის სახელმძღვანელოს განხილვა მიდიოდა პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული თანხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.