16 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ვინ დაესხა თავს ნიკა მელიას სამტრედიაში - გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ოჯახის წევრები ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენდნენ

ვისი ხელი მოხვდა ნიკა მელიას და იყო თუ არა ეს თავდასხმა ოპოზიციას შორის დაპირისპირების შედეგი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მომხდარი ინციდენტი თავად ხელისუფლების ოპონენტებს უკავშირდება, დღეს გამყარდა.

ინციდენტის შემდეგ, ნიკა მელიამ ამ საკითხზე დღეს პირველად ისაუბრა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა, თუმცა არაფერი თქვა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი, იცნობს თუ არა თავდამსხმელს, ან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ოპოზიციასთან.

ირკვევა, რომ მელიაზე თავდამსხმელის ოჯახის წევრები სამტრედიის საარჩევნო ოლქში ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენდნენ. საბა ნიკოლეიშვილის დედა "სტრატეგია აღმაშენებლის", ხოლო და "ევროპული საქართველოს" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ. ამას ოპოზიციაში პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ.

"კურიერი" დღეს ნიკა მელიაზე თავდამსხმელის ოჯახშიც იმყოფებოდა. თავად ინციდენტის მონაწილე ადგილზე არ გამოჩენილა და მედიასთან მხოლოდ დედამ ისაუბრა. თქვა, რომ მომხდარის შემდეგ შვილი არ უნახავს, თუმცა დაადასტურა, რომ თავად არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობდა და სწორედ გიორგი ვაშაძის პარტიას წარმოადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ ლიდერზე თავდასხმა ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამას უარყოფენ, ისევე, როგორც საბა ნიკოლეიშვილის კავშირს ოპოზიციასთან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტები სწორედ ოპოზიციის ინტერესშია. ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება და, მომხდართან დაკავშირებით, მეტი დეტალი გაირკვევა. "ქართული ოცნების" ლიდერები მელიაზე თავდასხმას გმობენ და ყველას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

მომხდარს დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მსგავსი ინციდენტების გარეშე ჩატარდეს.

სამტრედიაში მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები