16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი - ბექა ოდიშარია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

"ქართული ოცნება" ჰელსინკის კომისიის განცხადებას უარგუმენტოს უწოდებს. უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, ევროპელ სამართალდამცავებთან ერთად, პროკურატურის მხრიდან ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გაიხსენა.

ოდიშარიას თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება "ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია".

"ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. სახუმაროდ რომ იყოს საქმე, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისა და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისთვის, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ქოლ-ცენტრებთან.

კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები ევროპოლთან, გერმანიის პროკურატურასთან, გამოვლენილი დანაშაულები, დამნაშავეები, კეზერაშვილზე მომზადებული "ბიბისის" ფილმი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, გერმანელ პროკურორებთან ერთად, პარალელურად აწარმოეს ეს გამოძიება, პირდაპირ ხელი დაადეს და მისტერ ოფშორი უწოდეს. ამას "ქართული ოცნება" წინ აღუდგა და არ დაახანა, ჰელსინკის კომისიის ასეთმა, წარმოუდგენლად უსამართლო განცხადებამ. არ მინდა, კიდევ უფრო მკვახე ტერმინები გამოვიყენო.

საქართველოში ასეთი დანაშაული არ არის ხელდასხმული ხელისუფლების მიერ, ეს არაერთხელ დამტკიცდა", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის მცდელობა, რომ დავით კეზერაშვილის დადასტურებული დანაშაული "ქართულ ოცნებას" დააბრალონ.

"ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უტიფრობა. როგორ უნდა მოახერხო, რომ მისტერ ოფშორად წოდებული კეზერაშვილი, რომელიც არის ბრალდებული ევროპელი ადამიანების გაძარცვაში და ამ გაძარცვულ ფულს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. ის აფინანსებს, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე - მის განშტოებებსა და სხვა "ენჯეოშნიკებს". მათზე არაფერი ილაპარაკო და მისი გაფუჭებული საქმეები ჩვენ, "ქართულ ოცნებას" დაგვაბრალო, არის უდიდესი ტყუილი.

სამწუხარო ის არის, რომ ჰელსინკის კომისია ამ ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, რომ კეზერაშვილის გაფუჭებული საქმეები, დანაშაულებრივ ქმედებებზე ხელი შეაწმინდოს "ქართულ ოცნებას" , რაც კატეგორიულად მიუღებელია და არავის გაუვა. ჩვენ ღირსეულები ვართ და ჩვენი ღირსების შელახვას ვერ ავიტანთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები