"ქართული ოცნება" აგვისტოს ომის გამოძიების პირობას კიდევ ერთხელ დებს და 2008 წლის მოვლენებს წინასწარ დაგეგმილ ღალატს უწოდებს. სახელისუფლებო პარტიის მხრიდან საკითხის აქტუალიზება, ამჯერად, აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებმა გამოიწვია.
"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, ტალიავინმა გაიმეორა, რომ არაფერს შეცვლიდა დასკვნაში, სადაც რუსეთის სამხედრო ინტერვენცია პასუხი იყო. ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, "ოცნება" სააკაშვილის მთავრობის დანაშაულზე საუბრობს.
"ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში და რამდენიმე დღის წინ მის გამოქვეყნებულ ინტერვიუში "რადიო თავისუფლებასთან" ცალსახად იკვეთება, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებმა, გარკვეულწილად, სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა რუსულ ძალებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე. ასევე, წერია იმ დასკვნაში, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ შესაბამისი მტკიცებულებები ქართულმა მხარემ ვერ წარუდგინა, მათ შორის, ისკანდერის რაკეტის ნაწილები სადღაც გაქრა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დასჭირდა წლები ამ მტკიცებულებების შესაგროვებლად და საერთაშორისო დონეზე შესაბამისი დავის საწარმოებლად, რომ სტრასბურგის ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება შემდგარიყო. არჩევნების შემდეგ, ამ დაგროვილ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, ამას სჭირდება სიღრმისეული შესწავლა. გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და ეს იქნება საზოგადოებისათვის დეტალურად ინფორმირებული პროცესი," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, რომ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.