"ტალიავინის დასკვნაზე" თავად ჰაიდი ტალიავინი, აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგ, "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და პოზიციას არც წლების შემდეგ იცვლის. ამბობს, რომ მისი დასკვნა დღემდე აქტუალურია და ის ორივე მხარემ საქართველომ და რუსეთმა თანაბრად ცნო. ნახა თუ არა ამ დასკვნით მეტი სარგებელი რუსეთმა? - ჟურნალისტის შეკითხვაზე ყოფილი დიპლომატი პასუხობს, რომ ღია საომარი მოქმედებები ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, ხოლო რუსეთს ტერიტორიაზე შესვლის სამართლებრივი ლეგიტიმაცია ჰქონდა.
სწორედ რუსეთის შეჭრის სამართლებრივ მიზეზთან დაკავშირებით აქვს მმართველ პარტიას კითხვები ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, ტალიავინმა საკუთარ ინტერვიუში სააკაშვილის ქმედებები ვერ გაამართლა. პირიქით, დაადასტურა, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის საფუძველი სწორედ მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებებმა შეუქმნა.
ტალიავინის დასკვნას, რომელშიც რუსეთის ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ დაპირისპირებაზე საპასუხო მოქმედებად შეფასდა, "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე დაეთანხმა. სააკაშვილის პარტიაში დოკუმენტის მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით საუბარი დღეს აღარ სურთ. უპასუხოდ ტოვებენ შეკითხვასაც, თუ რატომ არ წარუდგინეს თავის დროზე საკმარისი და საწინააღმდეგო მტკიცებულებები ომის შემსწავლელ კომისიას.
"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ტალიავინი დღესაც ამტკიცებს, რომ 2008 წელს მათ ხელისუფლებისგან კონკრეტული მტკიცებულებები არ მიუღიათ, რომელიც რუსეთის ქმედებებს საქართველოში შემოჭრის კვალიფიკაციას მიანიჭებდა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, რომელიც ტალიავინს სთხოვდა შეეფასებინა, რამდენად სამართლიანი იყო დოკუმენტში მოყვანილი არგუმენტები.
ტალიავინი ამბობს, რომ ომით ერთადერთი გამარჯვებული რუსეთი აღმოჩნდა.
ოპოზიციის შეფასებით, ტალიავინი, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ევროკავშირის მანდატით იკვლევდა, მიკერძოებულია.
მმართველ პარტიის შეფასებით, ოპოზიციის მოლოდინი, რომ ტალიავინი წლების შემდეგ პოზიციას შეიცვლიდა, არ გამართლდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი ბოლო ინტერვიუმაც მკაფიოდ დაადასტურა.
ომის გარემოებების დამდგენი კომისია, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბდა. 1100 გვერდიანი დასკვნა ომიდან 1 წლის შემდეგ, 2009 წელს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო.