ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი "ქართული ოცნებისთვის" ჰელსინკის კომისიის მიერ დღეს გავრცელებული ის განცხადებაა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელისუფლებო პარტია სხვადასხვა თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს, თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ჰელსინკის კავშირის დასკვნა დავით კეზერაშვილის დადასტურებული დანაშაულის ოცნებისთვის გადაბრალების მცდელობაა.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ბრალდება სავარაუდოდ, სამართლებრივადაც გამყარებული იქნება. კეზერაშვილის დაფინანსებულ პარტიაში კეზერაშვილის ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე საუბარი არ სურთ და აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი რეაგირებით უნდა უპასუხოს. რეაგირებას ითხოვენ გახარიას პარტიაშიც, სადაც დღეს ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგიც კი ჩაატარეს.
ოპონენტებს, მმართველმა გუნდმა დღეს ქოლცენტრების წინააღმდეგ ევროპელი სამართალდამცველებისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი მუშაობა, ასევე BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი შეახსენა. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ უარგუმენტო ბრალდებები შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პროკურატურა ქოლცენტრების წინააღმდეგ დაწყებული საერთაშორისო გამოძიების აქტიური მონაწილეა.
დავით თოდუა, მიხეილ ბინიაშვილი, ამანთ იოსიფი - ქოლცენტების საერთაშორისო ქსელის მთავარი ფიგურანტები დადგენილია. ვინ დგას მათ უკან უკრაინაში, საქართველოსა
და ალბანეთში - ამ კითხვას კი პასუხი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ BBC-ის საგამოძიებო ფილმმა გასცა, რომელმაც მილტონ გრუპის ჩრდილოვან მართველად დავით კეზერაშვილი დაასახელა და ის "მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენია.
საქართველოში ევროჯასთის მხარდაჭერით და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ქოლცენტრების საქმეზე რამდენიმე სპეცოპერაციაც ჩატარდა - გაიჩხრიკა ათობით ობიექტი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა არაერთი პირი.
საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა სომხეთშიც, სადაც საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი - მიშა ბენიაშვილი, იგივე მიხეილ ბინიამინი დააკავეს.
საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რომელშიც ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ, დუბაიში დააკავეს მილტონ გრუპთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი ამანთ იოსიფი. ისრაელის, საქართველოსა და ალბანეთის მოქალაქეები ფიგურირებენ ქოლცენტრების საქმის სხვა არაერთ ეპიზოდშიც. ქოლ ცენტრების საქმეზე 2021 წლიდან დღემდე საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 72 პირის მიმართ დაიწყო