უკვე მეორე დღეა, ჰაიდი ტალიავინის განცხადებები, პოლიტიკური შეფასებების საგანია - აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გაიმეორა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იყო პასუხი. მან ხაზი გაუსვა გარემოებას რომ ანგარიში მაშინ ორივე მხარემ - საქართველომ და რუსეთმა აღიარეს.
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას თემის აქტუალიზებისთვის აკრიტიკებს.
“ამ თემაში არ შევდივართ იმიტომ, რომ ეს არის თემა, რომელზე მსჯელობითაც და გახსნითაც შეიძლება დააზიანო შენი ქვეყანა. არ შეიძლება არანაირი პოლიტიკური დივიდენდის გამო შენი ქვეყანა დააზიანო. ამ თემაში ჩვენ არ შევდივართ, ომი დაიწყო რუსეთმა და ოკუპანტიც არის რუსეთი,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი - ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ეჭვის საბაბი არ არსებობს:
ტალიავინის მოსაზრებამ განიცადა კრახი 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი აიღო და 2022 წელს, როდესაც შეიჭრა და თავს დაესხა ყველანაირი საბაბის გარეშე უკრაინას.
არავითარი ეჭვი და ეჭვის საბაბი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი - არასოდეს არ არსებულა და არც ერთი დასკვნა თუ მოსაზრება, რომელიც ამ ფუნდამენტურ საკითხს აყენებს ეჭვქვეშ - ჩემთვის არ არის და არ იქნება მისაღები,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საგარეო მდივანი, ოპოზიციური კოალიცია ”ძლიერი საქართველო“ გრიგოლ გეგელია.