საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით არაერთი კითხვა არსებობს, მაგალითად ის, თუ რატომ არ მიმართეს გაეროს ოკუპაციასთან დაკავშირებით.
გორდულაძე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ აგვისტოს ომში რუსეთის ქმედებები საპასუხო რეაქცია იყო.
"როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" რაიმე სიტყვას დაძრავს ჰააგასთან და სტრასბურგთან დაკავშირებით, პირველი კითხვა, რაც შეიძლება მაშინვე გაუჩნდეს ადამიანს, არის ის, თუ რატომ არ მიმართეს მათ გაეროს, როდესაც ოკუპანტმა ქვეყანამ სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, რაც მათი ვალდებულება იყო. იცით რა მოხდა? რუსეთმა მოახდინა გაეროს ინფორმირება, რომ იგი აწარმოებდა თავდაცვით ომს.
თუ გვახსოვს, საერთაშორისო სასამართლოში მათ მიერ შეტანილი განცხადება, რომელიც არც კი დარეგისტრირდა და სასამართლომ უკან მოაბრუნა, რადგან მტკიცებულებებით საერთოდ არ იყო გამყარებული და "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი ქმედება არ ჰქონდა განხორციელებული.
ტალიავინის დასკვნას როდესაც დაეთანხმნენ, ისინი დაეთანხმნენ რუსეთის მიერ საპირისპიროდ განხორციელებულ ქმედებებს და ამაზე მეტი მოღალატეობრივი ქმედება რა შეიძლება იყოს, არ წარმომიდგენია," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.