"გორბის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ოპოზიციურ სპექტრში უნდობლობას უცხადებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ამ კვლევებით, მმართველი გუნდი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"გორბის" ჩატარებული წინა კვლევა რეალობისგან 20%-ით განსხვავდებოდა. ქართველი ხალხი არ ტყუვდება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობა, მოატყუოს ქართული საზოგადოება, თუმცა ხალხი არის ერთიანი, რომ დაამარცხოს სიღარიბე, კორუფცია და ცხადია, ამას გააკეთებს 26 ოქტომბერს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტია "ახალის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი იმედაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი სიმართლისგან ძალიან შორს არის და რეალურად, მმართველ პარტიას 30%-იანი მხარდაჭერის მოპოვებაც კი გაუჭირდება.
"2016 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნების წინ, უცხადებდნენ მმართველ პარტიას, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს უცვლელი იყო მათი მხრიდან - სიმართლისგან ასე შორს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. ეს 60%-იანი მხარდაჭერა, არ არსებობს და მაგის ნახევრის აღებაც ძალიან გაუჭირდება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.
პარტია "გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს.
"მაქვს ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" კვლევებში ფულს ზოგავს და პრეზენტაციის დღეს პირდაპირ რიცხვებს წერენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვანაირად ვერ ახსნი, იმდენად არის აცდენილი შედეგებს, თუ გავიხსენებთ "გორბის" წინა კვლევებს.
რაც შეეხება კონკრეტული პარტიების შედეგებს, ვინაიდან არ მგონია, რომ ეს მართლი კვლევა იყო, არც შეიძლება სერიოზულად შეფასება, თუმცა უცნაურად გამოიყურება ის, რომ ყველაზე მზარდი რეიტინგი ჩვენ გვაქვს - 61%-ით გაგვეზარდა რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით და თუ ასე გავაგრძელებთ, ამ კვლევაშიც კი, 5%-ით მეტი უნდა გვქონდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.