ომის გამოძიების საკითხი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემად რჩება. ოპოზიცია ხელისუფლების მიერ 2008 წლის მოვლენების შესწავლის დაანონსებას რუსული ინტერესის გატარებას უწოდებს.
"ნაციონალურ მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, რეზოლუციაში პირველად ჩაიწერა, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა და რომ ის ოკუპანტია, სწორედ ამიტომ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ რეზოლუციას მხარი.
"ეს იყო ის რეზოლუცია, რომელშიც პირველად ჩაიწერა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთმა, ამ რეზოლუციას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ იქ ჩაიწერა - რუსეთი არის პასუხისმგებელი ოკუპაციაზე", - განაცხად გიორგი ბარამიძემ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში ომის გამოძიების საკითხი ნომერ პირველი პრობლემაა, რადგან ჰააგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს არ ეკისრება.
"არ არსებობს იმაზე მაღალი ინსტანცია, ვიდრე ჰააგის სასამართლოა, ვიდრე სტრასბურგია, რომელმაც საქართველოს მხარეს სიმართლე ცალსახად დაადგინა... ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. დღეს საქართველოში ნომერ პირველი ამოცანა და პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებულია, დღეს ხალხს უნდა მეტი ინვესტიციები და მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან, ხალხს უნდა მეტი რეფორმები იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ დაცულნი ამ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.