რატომ არ არის ლოგიკა იმაში, რომ ბიზნესმენს არ უნდოდეს სააკაშვილის პორტრეტის ფრიალი, რომელმაც ბიზნესი გათელა ფეხქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს.
"როდესაც ატარებ დემოკრატიის ფესტივალს და ამ ფესტივალის მთავარ პორტრეტად გამოგყავს ადამიანი, რომელიც არათუ დემოკრატიას ემსახურებოდა, არამედ სადიზმის ის ხარისხი აჩვენა, რომელიც არ ახასიათებს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი... რა არის გასაკვირი იმაში, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ბიზნესმა გადაწყვიტოს, რომ ეგეთ ღონისძიებას, ეგეთი ადამიანების მიერ ჩატარებულ ღონისძიებას ხელს არ შეუწყობს. ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ბიზნესი ღებულობს გადაწყვეტილებებს ისე, რომ მას არ სჭირდება არავის კარნახი.
რატომ არ არის ლოგიკა იმაში, რომ ბიზნესმენს არ უნდოდეს სააკაშვილის პორტრეტის ფრიალი, რომელმაც ბიზნესი გათელა ფეხქვეშ.
სწორედაც ეს არის წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო ღონისძიება. სამწუხაროა, რომ ამაში დანიელი გადასახადების გადამხდელების თანხებს იყენებენ,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ბათუმში ხვალ დაგეგმილი ოპოზიციის შეხვედრები დანიური ფონდის დაფინანსებით, აღარ გაიმართება. ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების მიერ დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, რიგით მეოთხე და შემაჯამებელი ღონისძიება გაეუქმებინათ.