16 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ვის და რა მიზნით აფინანსებს აშშ-ის "დემოკრატიის ეროვნული ფონდი" - ჩინეთის დიპლომატიური უწყების შემდეგ, NED-ის მიზნებზე საქართველოში საუბრობენ

"დაანებონ თავი თანხების ჩასხმას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში," - მმართველი პარტიის მოწოდების ადრესატები უცხოური ორგანიზაციები და ფონდები არიან. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ირწმუნებიან, რომ ამერიკული და დასავლური ფინანსები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობისთვის გამოიყენება. ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციასაც და ამბობენ, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი, ამერიკული დაფინანსებით საქართველოში არასამთავრობო სექტორის გავლით, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, სწორედ NED-ი აფინანსებს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს, ასევე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", რომლებიც მმართველი პარტიის შეფასებით, ცრუ მასალების გავრცელებით არიან დაკავებული. სახელისუფლებო ძალაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გასულ კვირას ყალბი სტატიის გამოქვეყნების მიღმაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მხილებული ამერიკული ფონდის ფინანსები დგას.

NED-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კითხვები არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" იმიჯის დაზიანების მცდელობა და სპეკულაციაა ყველა ის განცხადება, რომელიც NED-ის საქმიანობას ეხება.

NED-ის საქმიანობა, კონკრეტული ეჭვების გამო, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა. საგარეო უწყებამ ფონდთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიშიც მოამზადა. დოკუმენტში ორგანიზაციის მიმართ არაერთი მძიმე ბრალდება ისმის. საუბარია იმაზე, რომ ამერიკის დაფინანსებული ფონდი, დემოკრატიის მხარდაჭერის საბაბით, სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობითაა დაკავებული. ანგარიშში ნახსენებია ფერადი რევოლუციები, უკრაინაში ევრომაიდნის, საქართველოში კი - "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დაფინანსება და მხარდაჭერა. ჩინეთის დიპლომატიური უწყების მტკიცებით, დივერსიებისა და საბოტაჟისთვის ფონდი საშინაო საქმეებში ჩარევას, დაპირისპირების წაქეზებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინფორმაციის გაყალბებას ეწევა.

"ქართულ ოცნებას" ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის შინაარსი არ უკვირს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უშუალოდ NED-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა არაერთხელ ყოფილა და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ.

"დემოკრატიის ეროვნული ფონდი", იგივე NED-ი აშშ-ის მთავრობის ეგიდითაა შექმნილი, დაფინანსებასაც აშშ-ის ბიუჯეტიდან იღებს და ანგარიშვალდებულიც მასთან არის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვრცელ ანგარიშში წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა NED-ი ადამიანის უფლებების საფარქვეშ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა. ნათქვამია ისიც, რომ მათი მიზანია, გააფრთხილონ სხვა ქვეყნები, გაუმკლავდნენ ფონდისგან მომდინარე დივერსიის მცდელობებს და დაიცვან საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

დღის ამბები