ახლო აღმოსავლეთში მძიმე ვითარებაა. ღაზის ქალაქ დერ ელ-ბალაჰში საყოველთაო გლოვაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დაბომბვას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
4 ადამიანი კი ისრაელის ავიაიერიშს ხან იუნისში ესმხვერპლა. საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არიან ჯაბალიაშიც. პარალელურად, ისრაელის არმია განაგრძობს ოპერაციას ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰშიც, სადაც გასული დღის განმავლობაში 25 ადამიანი დაიღუპა, 72 კი დაშავდა.
ამ ფონზე ვითარება უკიდურესად კრიტიკულია ღაზაში მდებარე საავადმყოფოებში, სადაც დაჭრილებისთვის საწოლი ადგილები აღარ არის. პარალელურად, ადგილობრივი ექიმები მედიკამენტების დეფიციტზე საუბრობენ.
სიმშვიდე გვიან ღამით არც დასავლეთ ნაპირზე იყო, სადაც ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმის შედეგად "ჰამასის" მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს. ავიაიერიში ქალქ ჯენინში ავტომანქანაზე განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მოკლულია დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრები აჰმედ აბუ არა და რაფეტ დავასი. ქალაქში დღეს დილიდან გლოვა გამოცხადდა.
იერიში განხორციელდა ისრაელზეც. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, "ჰეზბოლამ" 55-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რასაც ჩრდილოეთ ნაწილში 10 ლოკაციაზე ხანძარი მოჰყვა. თუმცა, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჰეზბოლას თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ხმაური იყო გვიან ღამემდე თელ-ავივშიც, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრისგან მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს.
სწორედ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებზე საუბრით დაიწყო მთავრობის სხდომა დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ღაზიდან ისრაელელი მძევლების, გათავისუფლება ძალიან რთული საკიტხია.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებისთვის ისრაელში დღის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ჩავიდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.