16 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
NED-ი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს და ისეთ აქტივობებს, რომელიც მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე - ხათუნა სამნიძე

"ნედის" საქმიანობა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში ისევ ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. შეფასებები კეთდება როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ისე მმართველ გუნდში.

"ნედის" მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ ოპოზიციაში. "ქართულ ოცნებაში" კი თვლიან, რომ "დემოკრატიის ეროვნული ფონდი", ამერიკული დაფინანსებით, საქართველოში არასამთავრობო სექტორის გავლით, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სწორედ ის აფინანსებს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტს, ასევე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", რომლებიც ცრუ მასალებს ავრცელებენ.

სახელისუფლებო ძალაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გასულ კვირას ყალბი სტატიის გამოქვეყნების მიღმაც, ამერიკული ფონდის ფინანსები დგას. მმართველი პარტიის წევრები საუბრობენ იმაზეც, რომ "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობას საერთაშორისო საზოგადოება და მედიაც აკრიტიკებდა, მათ შორის - თავად შტატებშიც.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ნედი" ისეთ აქტივობებს და ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის განვითარებაზე.

"ნედი" აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს და ისეთ აქტივობებს, რომელიც მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე. დიდი ხანია "ქართული ოცნების" მიზანია, რომ შეარყიოს, გაუფუჭოს რეპუტაცია და გაშავების კამპანია აწარმოოს ასეთი ორგანიზაციების მიმართ. მაგრამ, ჩანს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია და მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციაა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები